უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევებს განაახლებს - ზელენსკი
უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევებს განაახლებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
"შეზღუდვა (ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შესახებ) მოხსნილია. ამით დავასრულეთ", - თქვა მან.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ ენერგეტიკული ზავის გამოცხადების შემდეგ უკრაინამ შეაჩერა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, რუსეთმა კი უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა გააგრძელა და ამ დროს უკრაინა დარჩა რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ამერიკული მხარის წინასწარი მონაცემების გარეშე და შეფერხდა ამერიკული თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის მუშაობა.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არ იყო გამოწვეული ტექნიკური პრობლემებით.
ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა ვაშინგტონის სურვილი, მოსკოვთან ბიზნესგარიგებები დადოს, და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აშკარა სიმპათია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ.
კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება აიხსნას ამ ორ ლიდერს შორის ურთიერთობა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ტრამპს ინსტინქტური მიზიდულობა აქვს ავტოკრატებისა და ზემდიდარი ადამიანების მიმართ.
„ის [ტრამპი] ღიად და ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები მოსწონს და პატივს სცემს. რადგან, მისი აზრით, ადამიანები, რომლებსაც 20, 30 ან 40 წლის განმავლობაში შეუძლიათ ლიდერობა, ესე იგი, ძალიან ძლიერები არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-თან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, ურთიერთობა უკრაინისთვის კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამერიკული მხარდაჭერის გარეშე ომის გაგრძელება „ძალიან რთული“ იქნებოდა.
„ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ დაგვინგრევია“, - დასძინა მან.