რუსეთში „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - სერგეი სოკოლოვი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს
რუსეთში დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა გრძელდება. 15 ოქტომბერს სამართალდამცველებმა „ნოვაია გაზეთის“ მთავარი რედაქტორის, სერგეი სოკოლოვის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, რის შემდეგაც ჟურნალისტი დაკითხვაზე გადაიყვანეს.
გამოცემის ინფორმაციით, სოკოლოვთან კავშირი სარედაქციო თათბირის დაწყებამდე გაწყდა. მისი ტელეფონები გამორთული იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები „ნოვაია გაზეთის“ ჟურნალისტის, ოლეგ როლდუგინის საქმეს უკავშირდებოდა, რომელიც აპრილში პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
სოკოლოვი მოწმის სტატუსით დაკითხეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. მას ბრალი არ წარდგენია.
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მომხდარს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ ზეწოლის გაგრძელებად აფასებს. ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთში ამჟამად 50 ჟურნალისტი და მედიამუშაკი იმყოფება პატიმრობაში.
„ნოვაია გაზეთის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი 2021 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.