პუტინსა და ბაიდენს შორის დღეს ვიდეოკონფერენცია გაიმართება

07.12.21 10:44
პუტინსა და ბაიდენს შორის დღეს ვიდეოკონფერენცია გაიმართება

რუსეთის პრეზდენტი, ვლადიმერ პუტინი და აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დღეს ერთმანეთს ვიდეოზარის ფორმატში გაესაუბრებიან. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის, ინფორმაციით, საუბარი უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობას და რუსეთის საზღვრებისკენ ნატო-ს გაფართოებას შეეხება.

რა თქმა უნდა, საჭირო იქნება იმის განხილვა, თუ როგორ სრულდება ჟენევაში მიღწეული შეთანხმებები, რა ხორციელდება სრულად და რა მოითხოვს დამატებით ძალისხმევას. სხვა განსახილველ თემებს შორისაა დაძაბულობა უკრაინის გარშემო, ნატო-ს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ და რუსეთის ლიდერის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ,  - აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებასთან და ასევე რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით უარზეა და ამასთან დაკავშირებით სამართლებრივ გარანტიებს მოითხოვს. საპირისპიროს აცხადებს ვაშინგტონი. აშშ-ს ინფორმაციით, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას ვეტო დაადოს.