კაია კალასი: პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევა ომის დანაშაულების ნორმალიზების საფრთხეს ქმნის
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. კაია კალასის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევა მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციის შესუსტებისა და უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების ნორმალიზების საფრთხეს ქმნის.
კალასის თქმით, რუსეთის საერთაშორისო ფორმატებში დაბრუნება დაუშვებელი სიგნალი იქნება იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას აგრძელებს და ყოველდღიურად არღვევს გაეროს წესდების პრინციპებს.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობა G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
„რუსეთის ამ საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნების ნორმალიზება, ფაქტობრივად, იმ ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს, რომლებიც ახლა ყოველდღიურად ხდება, - განაცხადა კალასმა.
„დიდი ოცეულის“ სამიტი 14–15 დეკემბერს მაიამიში გაიმართება. ვლადიმირ პუტინს მიწვევა უკვე გაუგზავნეს, თუმცა მისი მონაწილეობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.