გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები შეთანხმდნენ, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ

20.11.26 10:12
გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები შეთანხმდნენ, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ

გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებასა და მხარდაჭერის გაძლიერებას აპირებენ. მათი განცხადებით, უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარება ევროპის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ ნათქვამია ოთხი ქვეყნის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

ლიდერებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ესკალაცია. მათ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი ურყევი სოლიდარობა, ასევე ქვეყნის განუყოფელი უფლება, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ომის გაგრძელებისთვის სულ უფრო მაღალ ფასს იხდის. ლიდერების შეფასებით, მიუხედავად რეკორდული დანაკარგებისა, მიმდინარე წელს რუსეთმა მხოლოდ უმნიშვნელო ტერიტორიული წინსვლა შეძლო და ვერცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქისა თუ დასახლების დაკავება ვერ მოახერხა. მათი განცხადებით, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერება ვერ შეცვლის იმ წარუმატებლობას, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე განიცდის.

ლიდერებმა ასევე დაგმეს რუსეთის მიერ ევროპის ქვეყნებში განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმები, მათ შორის დივერსიული აქტები, საინფორმაციო ოპერაციები და კიბერშეტევები, რომელთა მიზანიც უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებაა. მათი განცხადებით, მსგავსი მცდელობები ვერ შეაფერხებს უკრაინის დახმარებას და, პირიქით, გააძლიერებს ევროპის გადაწყვეტილებას, დაიცვას უკრაინა, ევროპული უსაფრთხოება და ნატო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ პრიორიტეტად რჩება ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობების განვითარება, რათა დაცული იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ისინი მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობით უკრაინისთვის დამატებითი სარაკეტო თავდაცვის საშუალებების მიწოდებასაც გეგმავენ, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ლიდერები სრულად უჭერენ მხარს ნატო-ს მოკავშირეების მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს უკრაინას 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება, აღჭურვილობა და წვრთნები უნდა მიეწოდოს, ხოლო 2027 წელს მხარდაჭერის მოცულობა, სულ მცირე, ანალოგიური იქნება.

ამასთან, ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებში, 2027 წლის ბოლომდე ქვეყანას 90 მილიარდი ევრო გამოეყოფა სამხედრო და ფინანსური საჭიროებების დასაფინანსებლად.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებაზე. მათი მიზანია სანქციებისა და დამატებითი ეკონომიკური მექანიზმების გამოყენებით რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებისა და საომარი მოქმედებების დაფინანსების შეზღუდვა.

კერძოდ, იგეგმება რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირებისკენ მიმართული ზომების გაძლიერება, რუსული კრიპტოვალუტებისა და უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ სანქციების დაწესება და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ხელის შეშლა.

გარდა ამისა, ლიდერები გააგრძელებენ მუშაობას რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის აღსაკვეთად, რომელსაც მოსკოვი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს. ამასთან, ისინი საზღვაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ფარგლებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების შესრულებას უზრუნველყოფენ.

ლიდერების განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.