გერმანიაში სამუშაოდ ჩასული ქართველები ტრანსპორტირების ხარჯებს თავად დაფარავენ

06.04.21 17:14
გერმანიაში სამუშაოდ ჩასული ქართველები ტრანსპორტირების ხარჯებს თავად დაფარავენ

გერმანიის მთავრობა წლების განმავლობაში ქვეყანაში ჩასულ უცხოელ მუშებს თვითმფრინავის ბილეთებს ყიდულობდა,  ქართველები კი  ტრანსპორტირების ხარჯებს თავად დაფარავენ - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Tagesschau წერს. გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობამ დასაქმების საპილოტე პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე რუმინელი და პოლონელი მუშები ქართველებით ჩაანაცვლა. 

გამოცემის ინფორმაციით, რუმინელებს საათობრივი ანაზღაურება 9,5 ევრო აღარ აკმაყოფილებს და ისინი გერმანიას მასიურად ტოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მათ ტრანსპორტირებას უზრუნველჰყოფდა, თითოეული რუმინელი მუშის ჰიგიენურ მომსახურებაზე 500 ევროს ხარჯავდა და მათ საათში 9,5 ევროს უხდიდა, უცხოელებმა მძიმე სამუშაოსა და მინიმალურ ანაზღაურებაზე უარი თქვეს და ქვეყანა დატოვეს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ წელს ქვეყანაში 2023 წლამდე  სატაცურზე, რომელიც  გერმანელთა საყვარელი ბოსტნეულია, ფასი არ გაიზრდება, რადგან ქვეყანაში აპრილში ქართველები ჩამოვლენ, რომლებიც არა მარტო მინიმალურ ანაზღაურებასა და მძიმე სამუშაო პირობებზე დათანხმდნენ, არამედ, ტრანსპორტის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

პოლონელი ფერმერი იაკობს კამედულსკი, რომელიც წლებია, სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული, აღნიშნავს, რომ გერმანელებს არ ჰყოფნით გამოცდილება, რომ სათანადო მოსავალი მოიწიონ, ამიტომაც უცხოელ ფერმერებს ყოველწლიურად იწვევენ, თუმცა, მიზერულ ხელფასს უხდიან. წელს ასეთ ანაზღაურებაზე ბევრმა უცხოელმა უარი განაცხადა, მაგრამ გამოჩნდნენ ქართველები, რომლებიც თანახმა არიან, აღნიშნულ პირობებში იმუშავონ.

გერმანული საიტი Tagesschau აღნიშნავს, რომ ქართველებს ცხოვრება მოუწევთ სპეციალურ კონტეინერებში, სადაც საწოლიცაა და შხაპიც. ყოველდღიური საცხოვრებელი ხარჯი მათთვის 6 ევრო იქნება.