სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები

29.03.22 15:34
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დასრულდა -  რაზე შეთანხმდნენ მხარეები

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა. თითქმის ოთხსაათიანი მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგები ცნობილია. ისინი საერთაშორისო მედიას  უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლმა, დავით არახამიამ გააცნო. 

როგორც მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მოლაპარაკებებზე უკრაინამ საკუთარი პოზიციები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა.

ომში მყოფი ქვეყნის მთავარი მოთხოვნებია: 

  • უკრაინული მხარე მოლაპარაკებებზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხს კატეგორიულად არ განიხილავს.
  • უკრაინა მზადაა უარი თქვას ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე 
  • უკრაინა მზადაა არ შევიდეს ნატოში და სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს.
  • უკრაინა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორებად  გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს, (დიდი ბრიტანეთს, აშშ-ს, ჩინეთს, რუსეთს, საფრანგეთს), ასევე, თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს მოიაზრებს. კონსულტაციები სამი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, რის შემდეგაც გარანტი ქვეყნები ვალდებულნი იქნებიან უკრაინას დახმარება გაუწიონ შეიარაღებით, სამხედროებით და დახურული ცით.
  • უსაფრთხოების გარანტიები  ოკუპირებულ დონბასსა და ყირიმზე დროებით არ იმუშავებს.
  • გარანტორი ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებაში დაეხმარებიან.
  •  შეთანხმება ჯერ უკრაინელებმა რეფერენდუმზე უნდა დაამტკიცონ, შემდეგ კი უკრაინის და გარანტორი ქვეყნების პარლამენტებმა.
  • ყირიმთან მიმართებით, შემოთავაზებულია რუსეთისა და უკრაინის პოზიციების დაფიქსირება და ნახევარკუნძულის სტატუსზე ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვა 15 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება რუსეთს, ის უკრაინის მიმართ კონფლიქტის დეესკალაციისთვის ორ ქმედით ნაბიჯს გადადგამს:

  •  სამხედრო სფეროში - სამხედრო აქტივობის მკვეთრი შემცირება კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.
  • პოლიტიკურ სფეროში - პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად.

მხარეების ცნობით, რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის დოლმა-ბაჰჩეს  სასახლეში  მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება. 

მსგავსი სიახლეები