უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ბედი ზელენსკისა და პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს- მიხეილ პოდოლიაკი

29.03.22 17:30
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ბედი ზელენსკისა და პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს- მიხეილ პოდოლიაკი

უკრაინის დელეგაცია, რომელიც თურქეთში, რუსებთან მოლაპარაკებებზე,  იმყოფება, მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ბედი ზელენსკისა და პუტინს შორის პირდაპირი დიალოგის  გზით უნდა გადაწყდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა, ბრიფინგზე განაცხდა. 

რაც შეეხება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, ეს საკითხები უნდა ჩამოყალიბდეს განსხვავებულ პუნქტად, რომელსაც განიხილავენ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრისას. ცალკე პუნქტად უნდა იყოს მსჯელობა ყირიმის საკითხზეც.

უკრაინული მხარე სთავაზობს დაფიქსირებას, რომ 15 წლის განმავლობაში ჩატარდება ორმხრივი მოლაპარაკებები ყირიმისა და სევასტოპოლის საკითხებზე, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში სამხედრო პირებმა არ უნდა გადაწყვიტონ ყირიმის საკითხი  - განაცხადა პოდოლიაკმა.

29 მარტს გამართულ შეხვედრაზე უკრაინულ და რუსულ მხარეებს რაიმე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ, განაცხადა, რომ ოფიცილაურ კიევს სურს, მიაღწიოს რამოდენიმერ ქვეყანასთან გარანტიებს, რომელიც იქნება უფრო საიმედო, ვიდრე ნატო-ს მე-5 სტატიაა. გარდა ამისა, არახამიას განმარტებით, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებზე ხელშეკრულებას ხელს მხოლოდ ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ მოაწერს.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ, მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ კრემლი კარდინალურად შეამცირებს კიევსა და ჩერნიგოვშის ოლქში საბრძოლო მოქმედებებს.

მედინსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შესაძლებელია უსაფრთხოების გარანტიების ხელშეკრულების გასაჯაროვების შემდეგ.

მოლაპარაკებები უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის 3 რაუნდად ჩატარდა, ბელორუსში 28 თებერვალს, 3 და 7 მარტს. შემდგომ ამისა, დელეგაციები ვიდეოკავშირის ფორმატში ურთიერთობდნენ. 

10 მარტს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. დიმიტრი კიულებამ და სერგეი ლავროვმა განიხილეს ქალაქ მარიუპოლის ჰუმანიტარული კორიდორისა და ცეცხლის 24 საათიანი შეწყვეტის საკითხი. 

მსგავსი სიახლეები