ირპენში ოკუპანტმა ცხედრები დანაღმა - უკრაინის ხელისუფლება ქალაქის მოსახლეობას აფრთხილებს
ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქი ირპენი დანაღმულია. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მოსახლეობისთვის იქ დაბრუნება ჯერ კიდევ საფრთხის შემცველია. შს მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ ქალაქში დანაღმულ ცხედრებსაც კი პოულობენ.
ძალიან ბევრი ნაღმებია, ცხედრებიც კი დანაღმულია, ამიტომ ყველას, ვისაც საკუთარ სახლში დაბრუნება სურს, უმორჩილესად გთხოვთ, ცოტა მოიცადოთ. ქალაქში უსაფრთხოდ შესვლის შესახებ ოფიციალურად განვაცხადებთ, - ამბობს უკაინის შს მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო.
დენისენკოს ინფორმაციით, ირპენში ბევრი ადამიანი რჩება, რომელთაც ქალაქის დატოვება არ სურთ. პოლიცია მათ სარდაფებში ეძებს. სამართალდამცველები მათ უსაფრთხო ადგილებში გადაყვანას სთავაზობენ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტს უკრაინელმა დამცველებმა ქალაქი ირპენი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.