ბუჩას კადრებმა მსოფლიო შეძრა - დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აანონსებს
ბუჩას შოკისმომგვრელმა კადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ოკუპანტების მორიგი სამხედრო დანაშაულის შემდეგ დასავლელი ლიდერები სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა დააანონსა.
ემანუელ მაკრონის თქმით, სანქციები უნდა დაწესდეს რუსული ნავთობის და გაზის მიმართულებითაც.
არსებობს ძალიან მკაფიო მინიშნებები, რომლებიც მიუთითებს ომის დანაშაულებზე. მეტნაკლებად დადგენილია, რომ რუსული არმია არის პასუხისმგებელი ბუჩას მკვლელობებზე.
ის, რაც მოხდა ბუჩაში, მოითხოვს სანქციების ახალ რაუნდს და ძალიან მკაფიო ზომების გატარებას. ეს ახალი სანქციები უნდა იყოს მიმართული ნახშირისა და ნავთობის მიმართ, - განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.
3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტაციისთვის ახლა ცხედრებს სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.