სისხლიანი დაპირისპირება ვერაზე - "პირველებმა" ის კომპანია დაადგინა, სადაც ქურდული გარჩევა მოხდა

"საგზაო კომპანია თბილისი" - "პირველებმა" ის კომპანია დაადგინა, სადაც სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულებული ქურდული გარჩევა მოხდა. მისი დირექტორი გიორგი ქველიაშვილია, რომელიც ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია და მას გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
"პირველები" ქველიაშვილის მეუღლეს ესაუბრა, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მეუღლე საგზაო კომპანიის დირექტორია, თუმცა კონკრეტულად ქურდულ გარჩევასთან დაკავშირებით მას საუბარი არ სურს.
"პირველებმა" მომხდართან დაკავშირებით გასაუბრება საგზაო კომპანიის კიდევ ერთ მეწილესთან, ბადრი საბანაძესთან, სცადა. საბანაძის თქმით, რამდენიმე წელია კომპანიაში სიტუაცია არეულია და რას აკეთებდნენ გარჩევის მონაწილე პირები კომპანიის ოფისში, თავადაც არ იცის.
ამის გარდა, "პირველებს" წყარო ეუბნება, რომ დასაკავებელთა სიაშია მარლენ მეტონიძეც. მეტონიძე დაჭრილია და საავადმყოფოშია. მის პალატასთან საბადრაგო სამსახური დგას.
სისხლიანი დაპირისპირება ,,ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე 2 აპრილს მოხდა. მოკლულია 2 და დაჭრილია 5 ადამიანი. "პირველების" ინფორმაციით, ქურდული გარჩევის მონაწილეები ქოლ-ცენტრების მფლობელის წარმომადგენლები იყვნენ. საუბარია იმ ქოლ-ცენტრებზე, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეებს თაღლითური გზით საქართველოდან ძარცვავდა. სავარაუდოა, რომ კრიმინალური გარჩევაც სწორედ ამ შავი ბიზნესის წილების განაწილებას ეხებოდა.