"მორიგი ფეიკ იერიში იყო მიტანილი ჩვენზე" - ლავროვი ბუჩას სასაკლაოზე

04.04.22 15:28
"მორიგი ფეიკ იერიში იყო მიტანილი ჩვენზე" - ლავროვი ბუჩას სასაკლაოზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მოწყობილ სასაკლაოს რუსეთზე ფეიკ იერიშად აფასებს და უკრიანულ მხარეს მომხდარის ინსცენირებაში ადანაშაულებს. ლავროვი აღნიშნული საკითხის განხილვას გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ითხოვს. 

მორიგი ფეიკ იერიში იყო მიტანილი ჩვენზე მას შემდეგ, რაც ქალაქ ბუჩადან გამოვიდნენ რუსი სამხედროები. რამდენიმე დღეში მოახდინეს ინსცენირება, რომელსაც ახლა ყველა არხზე აჩვენებენ. რუსი სამხედროები ქალაქ ბუჩადან 30 მარტს სრულად გავიდნენ. 31 მარტს ქალაქის მერი ამბობდა, რომ ბუჩაზე კონტროლი აღადგინეს და 2 დღის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ის დადგმა ქუჩაში. ჩვენ ამის გამო მოვითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას, - განაცხადა ლავროვმა. 

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.

3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტაციისთვის ახლა ცხედრებს  სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.