ბუჩა, ირპენი და გოსტომელი - უკრაინამ სამხედრო დანაშაულებში მონაწილე რუსი სამხედროების სია გამოაქვეყნა

06.04.22 11:40
ბუჩა, ირპენი და გოსტომელი - უკრაინამ სამხედრო დანაშაულებში მონაწილე რუსი სამხედროების სია გამოაქვეყნა

ბუჩა, ირპენი და გოსტომელი -  უკვე გამოქვეყნებულია იმ რუსი ჯარისკაცების სია, რომლებიც ომის დანაშაულებში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას  უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა გაავრცელა.

ირკვევა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილეობას აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 38, 69 და 165 ბრიგადები და ასობით ჯარისკაცი იღებდა. სწორედ ისინი კლავდნენ ოკუპირებულ ქალაქებში მშვიდობიან მოქალაქეებს. 

ბოლოც ცნობებით, გოსტომელში 35 დღიანი ოკუპაციის განმავლობაში სულ მცირე 400 ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული. ვერ ხერხდება დაღუპულების  ცხედრების მოძიებაც, რადგან რუსი ოკუაპნტები მკვლელობის შემდეგ კვალს შლიან. 

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.

3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტაციისთვის ახლა ცხედრებს  სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.