უკრაინაში რუსულ აგრესიას კიდევ 2 ბავშვი ემსხვერპლა - დღეის მდგომარეობით სულ 169 ბავშვია დაღუპული

ბოლო 24 საათში რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში კიდევ 2 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა - 9. ასევე, ბუჩაში ერთ-ერთ მასობრივ სასაფლაოზე 15 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. 7 აპრილს კი რუსი სამხედროების მიერ ნავის დაცხრილვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, აქედან 1 ბავშვია.
დღეის მდგომარეობით ოკუპანტებს სულ 169 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა და 306-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენპროკურორი ავრცელებს. მისივე ცნობით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან აქტიური ბრძოლის ადგილებში და ასევე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მსხვერპლის რაოდენობას ჯერ კიდევ ადგენენ.
ბავშვებში მსხვერპლის რაოდენობით პირველ ადგილზე კიევი, დონეცკი და ხარკოვია. შემდეგ მოდის ჩერნიგოვი, ნიკოლაევი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და სხვა ქალაქები.