უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გადასცა. ლაიენმა ზელენსკის მიმართა, რომ დაეხმარებიან უკრაინას აღნიშნული კითხვარის შევსებაში.
„ეს არის კითხვარი, რომელსაც გადმოგცემთ შესავსებად. ეს არის კითხვები, რომელთა საფუძველზე ჩამოყალიბდება ევროკავშირის შეფასება, როგორც რეკომენდაცია საბჭოსადმი. ჩვენ მზად ვართ, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში დაგეხმაროთ ამ კითხვარის შევსებაში. ბევრი ვიცით ერთმანეთის შესახებ, რადგან ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ერთად ბოლო წლებში.
ასე რომ, ამ მოსაზრების ჩამოყალიბება, როგორც ჩვეულებრივ, არა წლების, არამედ, ვფიქრობ, კვირების საკითხი იქნება, თუ ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, მჭიდროდ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ პასუხები მზად 1 კვირაში იქნება.