"რასაც ვხედავთ ბუჩაში, არის დიალოგის შესაძლებლობის დახურვა" - ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე

15.04.22 11:33
"რასაც ვხედავთ ბუჩაში, არის დიალოგის შესაძლებლობის დახურვა" - ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე

რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა - ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დიალოგის შესაძლებლობა ფაქტობრივად, ქრება. მისი თქმით, ბუჩასა და ბოროდიანკაში დატრიალებული გენოციდის შემდეგ საუბარს აზრი ეკარგება.

დიალოგი არის ერთ-ერთი ვარინატი. ყველა ომი ასე დასრულდა ან უმეტესობა მაინც. ასე უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ, პრაგმატულ საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ არავის უნდა, რადგან ბევრი ემოციაა. არავის სურს უბრალოდ კომუნიკაცია. ეს არ არის ჩემთვის საჩუქარი, ეს არ არის შაბათ-კვირა, ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა. გამოვიყენებ ყველა იმ შესაძლებლობას რაც მექნება, რასაც ეს სიტუაცია მომცემს. მე არ ვხურავ დიალოგის კარს, მაგრამ რასაც ვხედავთ ბუჩაში, არის დიალოგის შესაძლებლობის დახურვა. ბუჩა, ბოროდიანკა, მარიუპოლი - ყველა აკარგვინებს დიალოგს აზრს. პრობლემა მე არ ვარ, აქ საუბარია რუსეთზე. მათ ჩვენთან საუბრის დიდი შანსი არ აქვთ, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.

3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტაციისთვის ახლა ცხედრებს  სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.