აგრესორები უკრაინაში ქალებს აუპატიურებდნენ, მათი ოჯახის მამაკაც წევრებს ადგილზე ხვრეტდნენ - The Times-ის გამოძიება
რუსი ოკუპანტები კიევის სოფლების ოკუპაციის დროს თეთრი ნაჭრებით ნიშნავდნენ იმ სახლებს, სადაც ახალგაზრდა ქალები იმყოფებოდნენ, შემდგომში კი მათ აუპატიურებდნენ, მათი ოჯახის მამაკაც წევრებს კი ადგილზე კლავდნენ - გამოცემა The Times-მა უკრაინაში ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
ერთ-ერთმა მსხვერპლმა, 42 წლის უკრაინელმა ვიქტორიამ, გამოცემას უამბო, რომ სამმა ნასვამმა რუსმა სამხედრომ, რომლებიც მის შვილზე უმცროსები იყვნენ, ის ძალის გამოყენებით გამოიყვანეს ქუჩაში და გააუპატიურეს.
ვიქტორია იხსენებს, რომ დანაშაულისთვის აგრესორები წინასწარ მოემზადნენ, ისინი მის სახლში მივიდნენ, წაართვეს ტელეფონი და უბრძანეს, თეთრი ნაჭერი გაეკრა ღობეზე.
ვიქტორია ყვება, რომ აღნიშნული ჯარისკაცები სოფელში სახლებში დადიოდნენ, ახალგაზრდა გოგოებს არჩევდნენ, თუ მათ ოჯახში მყოფი მამაკაცებს წინააღმდეგობის გაუწვედნენ, მათ კლავდნენ.
უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ, გამოცემას უამბო, რომ რუსი აგრესორების მიერ ჩადენილი დანაშაული გაცილებით შემზარავი და მრავალრიცხოვანია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლებს ამის შესახებ საუბარი არ სურთ. ამის მაგალითად სახალხო დამცველს 11 წლის უკრაინელი ბიჭის ისტორია მოჰყავს, რომელსაც 10 საათის განმავლობაში დედის თვალწინ აუპატიურებდნენ. მიღებული სტრესის გამო მოზარდს 1 თვის განმავლობაში მეტყველების უნარი წართმეული ჰქონდა.
The Times-ის ინფორმაციით, რუსი აგრესორები 14-16 წლის უკრაინელ გოგოებს აუპატიურებდნენ, რომელთაგან ბევრი დაფეხმძიმდა კიდეც. ექიმებმა მათ ურჩიეს, არ გაეკეთებინათ აბორტი, რადგან ეს მომავალში მათ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას იქონიებდა.
ეს გენოციდია, აგრესორები გაუპატიურებას იყენებდნენ, როგორც დამსჯელ იარაღს. ეს იყვნენახალგაზრდა რუსი ჯარისკაცები 20-25 წლის, ამ უმსგავსოებას ჩადიოდნენ ოჯახის წევრების თვალწინ და ყვიროდნენ, ასე ვუზამთ ყველა ნაცისტ ძუკნას უკრაინაშიო - ყვება სახალხო დამცველი, დენისოვა.
ყველაზე საშინელი ისტორია ჰქონდა ოკუპირებული ხერსონის მკვიდრ, 32 წლის უკრაინელ პედაგოგს, რომელსაც როგორც სექს მონას, ისე ეპყრობოდნენ. მასთან სახლში დადიოდნენ რუსი აგრესორები და მშობლებისა და ძმის თანდასწრებით აუპატიურებდნენ.