"აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაცია გრძელდება - უცნობია, როდის მოხდება ტყვეების გაცვლა
"აზოვსტალიდან" უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია გრძელდება. პროცესი გვიან ღამით განახლდა. ქარხნის ტერიტორიიდან კიდევ ათობით სამხედრო გაიყვანეს.
უკვე ევაკუირებული უკრაინელი მებრძოლები ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე სოფელ ოლენივკაში გადაიყვანეს და საპატიმროში მოათავსეს. ინფორმაციას სააგენტო "Reuters"-ი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ტყვეების გაცვლა. თავად "აზოველებს" სურთ, რომ მათი ევაკუაცია მესამე ქვეყნის, თურქეთის, დახმარებით მოხდეს, თუმცა რუსეთი აღნიშნულის წინააღმდეგია.
საევაკუაციო მისია გრძელდება. მას ჩვენი სამხედროები და დაზვერვის ოფიცრები ხელმძღვანელობენ. პროცესში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები არიან ჩართულები. ვაგრძელებ უკრაინისთვის რაც შეიძლება, დიდი აუდიტორიის შეკრებას იმისთვის, რომ ჩვენ სახელმწიფოს მხარი დაუჭირონ ყველა დონეზე, რათა რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს ყველა მიმართულებით: საინფორმაციო ზეწოლა, დიპლომატიური, ასევე, კულტურული. აი, რა გვჭირდება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.