მედია მოქმედებაზე გადავიდა - ჟურნალისტების აქცია თბილისში 19:00 საათზე დაიწყება
მედია მოქმედებაზე გადავიდა. რამდენიმე საათში მოვლენების ეპიცენტრი დედაქალაქის მთავარი გამზირი იქნება. მედიის წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და ცენზურისგან თავისუფალი მედიის არსებობისთვის აქცია-მსვლელობას მოაწყობენ.
ეს არის მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა. მედიებმა დავაორგანიზეთ. არასდროს გამწყდარა ის ძაფი მედიასა და მაყურებელს შორის. მე მოვუწოდებ ადამიანებს, ვისაც გინდათ მედიის მიმართ გამოხატოთ სოლიდარობა, დღეს 7 საათზე მოვიდეთ და ერთად გავიაროთ მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა, - თქვა "ტვ პირველის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ წერეთელმა.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუანია ამბობს, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება მთლიანად ქართული მედიის დაპატიმრებას ნიშნავს.
ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღევანდელი აქციით სწორედ აი, ამ მედიის ერთიანობის ხაზგასმა, ისევე, როგორც იყო თუნდაც ნიკას დაპატიმრების დღეს პირველი გადაცემა, რომელიც ერთობლივი ეთერი გვქონდა, ყველამ ერთად წავიყვანეთ, რომ ხაზი გავუსვათ ამას, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად და ნიკას დაპატიმრება არ არის მხოლოდ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება, ეს არის მთლიანად ქართული მედიის დაპატიმრება. ეს აზრი დევს დღევანდელ აქციაში, - თქვა გაბუნიამ.
სოლიდარობის აქცია 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება.