მედვედჩუკმა პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ქვეყნის ღალატსა და ტერორიზმში ბრალდებულმა ვიქტორ მედვედჩუკმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, წინააღმეგ ჩვენება მისცა. პუტინის ნათლიმამად წოდებულმა იმ სქემის შესახებ ისაუბრა, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებიდან სამაგისტრალო ნავთობსადენის ნაწილის „ სამარა - დასავლეთ ნაკადის“ გამოყენება ხდებოდა. საუბარია მისი საშუალებით დიზელის საწვავის გადაქაჩვაზე.
პრორუსი პოლიტიკოსის აღიარებით ჩვენებას უკრაინის უშიშროება აქვეყნებს. მედვედჩუკის თქმით, პოროშენკომ მას რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება სთხოვა და ასევე, უკრაინის ყველა ინსტანციაში შესაბამისი გადაწყვეტილებებიც უზრუნველყო.
ამგვარად, დაკავებული ირწმუნება, რომ მილსადენის საკითხებით უკრაინის მე-5 პრეზიდენტის თხოვნით დაკავდა. ერთი წლის განმავლობაში მილსადენმა მისი მფლობელებისთვის ორჯერ მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე მის გამოსყიდვაში იქნა ჩადებული. საუბარია 42 მლნ დოლარზე. მისივე თქმით, 2019 წლის მაისიდან, მას შემდეგ, რაც პოროშენკო პრეზიდენტი აღარ იყო, მაგისტრალმა დიზელის გადაქაჩვა შეწყვიტა.
მედვედჩუკმა ასევე ის მაღალჩინოსნები ამხილა, რომლებსაც არსებულ სქემასთან ჰქონდათ კავშირი.
ამაში ჩართული იყო, ფაქტობრივად, მთელი სახელმწიფო აპარატის მაღალჩინოსნობა, დაწყებული პრეზიდენტიდან და მინისტრებიდან, დამთავრებული სამართლდამცავებით და უშუალოდ იმ პირებით, ვინც ამ სქემის რეალიზება მოახდინა, - განმარტა დაკავებულმა.