მინისტრების შავი სია - ვინ არიან 13 ყველაზე დახურული უწყების ხელმძღვანელები
ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური და ლევან დავითაშვილი - "თავისუფლების ინსტიტუტმა" იმ მინისტრების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ხალხს ყველაფერს უმალავენ.
ერთწლიანი დაკვირვების შედეგად დგინდება, რომ 13 ყველაზე დახურულ უწყებებს შორის ბევრი აქვს დასამალი პრემიერის აპარატს. ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებულად მთავრობის განკარგულებებს ასაიდუმლეობს. საუბარია სახელმწიფო ქონებების კონკრეტული ბიზნესებისთვის გადაცემაზე. გარდა ამისა, ირკვევა, რომ ინფორმაცია საერთოდ არ ჟონავს წულუკიანის უწყებიდანაც.
ჩვენ გავაგზავნეთ დაახლოებით 8 ათასზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, პასუხი მივიღეთ 82%-ზე. ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი არის და ვერ ვიტყვით, რომ პროგრესი გვაქვს ამ კუთხით. ამ ყველაფერს ცალსახად ხელს უწყობს თუნდაც ის დამოკიდებულებები, რომლებიც არის კონკრეტული უწყების ხელმძღვანელის, მაგალითად, თეა წულუკიანის შემთხვევაში.
ის თუ იყო იუსტიციის მინისტრი, სრულად იყო დახურული იუსტიციის სამინისტრო, ხდება კულუტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრი და უკვე ეს უწყება თავის სსიპებიანად იწყებს დახურვას.
წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში პიროვნებაზე იყოს დამოკიდებული, ინფორმაციას გასცემს თუ არა, როდესაც ეს ყველაფერი კანონმდებლობით არის დარეგულირებული, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომდგენელი.
კვლევიდან ასევე დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქეების ფულით მინისტრები მრჩევლებს ქირაობენ, თუმცა მათ ვინობას საიდუმლოდ ტოვებენ. ჩნდება ეჭვი, რომ მაღალჩინოსნები ამ პოსტებზე საკუთარი პარტიის წევრებსა და მეგობრებს ასაქმებენ.