მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი დააკავეს

მოსკოვში ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ირინა ბაბლოიანმა Telegram-ზე გაავრცელა.
"ჩემს მეგობარ ილია იაშინთან ერთად ვისეირნე პარკში, ხამოვნიკში. პოლიცია მოვიდა და ილია წაიყვანა, არავინ იცის სად", - წერს ის.
პოლიტიკოსი ლუჟნიკის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულის მოსანახულებლად არ შეუშვეს.
არსებული ინფორმაციით, მას ბრალად ედება პოლიციელის ბრძანებაზე დაუმორჩილებლობა. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
ილია იაშინი იმ რამდენიმე წამყვან რუს ოპოზიციონერს შორისაა, რომელიც რჩება ქვეყანაში და ღიად ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში.