უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებითი რეფერენდუმი დაბალი აქტივობით დაიწყო

რუსული მედია უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე „რეფერენდუმების“ პირველი დღის „ამომრჩეველთა აქტივობის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, 23 სექტემბერს დონეცკის ოლქში "ამომრჩეველთა" აქტივობამ 23.6% შეადგინა, ზაპოროჟიეში - 20.5%, ხოლო ხერსონის ოლქში - 15%.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას "რეფერენდუმში" მონაწილეობის მიღებას აიძულებენ, კერძოდ, მათი თქმით, შეიარაღებული დაჯგუფებები მოსახლეობის სახლებში მიდიან და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. გარდა ამისა, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, ადგილობრივებს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება ე.წ. რეფერენდუმის დასრულებამდე ეკრძალებათ.
ე.წ რეფერენდუმი უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში, ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიში, გუშინ 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.