ბავშვები თავშესაფარში ჩაიყვანეს, ქუჩებში სასწრაფო და სამაშველო სამსახურები დაქრიან - რა ხდება კიევში

10.10.22 13:16
ბავშვები თავშესაფარში ჩაიყვანეს, ქუჩებში სასწრაფო და სამაშველო სამსახურები დაქრიან - რა ხდება კიევში

„პირველები“ კიევში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრა. მათი თქმით, მარტის  შემდეგ უკრანის დედაქალას ასეთი მძიმე დღეები არ ჰქონია. 

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, ჰყვება, რომ კიევში ინტენსიური აფეთქებებია, ხოლო ქუჩებში სამაშველო სამსახურის ავტომობილები დაქრიან. 

დილის 8 საათზე გაისმა პირველი დიდი აფეთქების ხმა ... აი, ამ წამსაც, ნახეთ... სადღაც გარეუბნისკენ იყო უკვე... სადღაც 15-16 აფეთქება იყო. საკმაოდ ძლიერი  აფეთქებები იყო, იმიტომ, რომ ფანჯრები 3-4 კილომეტრში ზანზარებდა, დაიმსხვრა კიდეც მეზობელ შენობებში.

სასწრაფო-სამაშველო-სახანძრო სამსახურები დაჰქრიან მთელი ქალაქის მასშტაბით. მე დავინახე, როგორ გამოჰყავდათ ბავშვები სკოლებიდან და ჩაიყვანეს თავშესაფარში. მეტრო გაჩერებულია და თავშესაფრად არის ქცეული. მოგვიწოდებენ აქ სხვადასხვა არხებით, რომ ჩავიდეთ თავშესაფარში, იმიტომ, რომ კიდევ ბევრი რაკეტაა გამოშვებული. არ ვიცი, კიდევ რა აფეთქდება, მაგრამ ფაქტია, რომ დილიდან მძიმე სურათია ძალიან კიევში, - სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.