"გავცდით იმ დროს, როცა დაპირება საკმარისია" - რინკევიჩი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე

21.10.22 12:19
 "გავცდით იმ დროს, როცა დაპირება საკმარისია" - რინკევიჩი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი ამბობს, რომ საქართველო დაპირებებს უნდა გაცდეს და რეალური ნაბიჯები და რეფორმები განახორციელოს.

ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ამერიკის ხმასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რინკევიჩი ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა იციან რა სურს დასავლეთს მათგან. იციან რომ აქვთ მხარდაჭერა, თუმცა რა კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად არიან მზად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს მხოლოდ ხელისუფლების პრეროგატივაა.

ვფიქრობ, რომ იმ პრიორიტეტების სია, რომელთა შესრულებასაც ევროკავშირი საქართველოდან მოელის, მანამ, სანამ საქართველო კანდიდატის სტატუს მიიღებს ძალიან მკაფიოა. 
ჩვენ გავცდით იმ დროს, როცა დაპირებები და სლოგანები საკმარისია, ჩვენ რეალური ნაბიჯების, რეფორმებისა და ცვლილებების დანახვა გვსურს.
მე გაეროს ასაბლეის ფარგლებში ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მოკლედ ვესაუბრე პრემიერ მინისტრსაც და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გზავნილი საკმაოდ ნათელია. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ რეფორმებს, ამ ცვლილებეს, დავეხმაროთ საქართველოს უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თქვეზეა. რა გსურთ,  რამდენად სწრაფად გსურთ და რას გააკეთებს იმისთვის, რომ ეს მიიღოთ". - ამბობს რინკევიჩი.

ედგარს რინკევიჩი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს უკვე მეთერთმეტე წელია, 4 პრემიერ-მინისტრის კაბინეტში იკავებს. ქვეყნის პირველ დიპლომატობამდე რინკევიჩი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავდაცვის სახელმწიფო მდივანი იყო. ის იყო ერთ-ერთი ლიდერი იმ დელეგაციისაც, რომელიც ლატვიის ნატოში წევრობის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.