უნდა გაგვაჩნდეს გამბედაობა, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ვაღიაროთ - მამუკა მამულაშვილი
,,ქართული ლეგიონის" მებრძოლები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, თვლიან, რომ საქართველოსა და უკრაინას ამ ომში საერთო მტერი ჰყავთ.
ქართული სამხედრო შენაერთის მეთაური, მამუკა მამულაშვილი, Sky News- ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი მებრძოლები დაქირავებული ჯარისკაცები არ არიან. ისინი უკრაინაში უკვე 8 წელია, იმყოფებიან და დიდი ხნის განმავლობაში მათ ანაზღაურებაც კი არ აუღიათ.
რამოდენიმე მებრძოლი ახლა არის კონტრაქტზე, როგორც უკრაინელი ჯარისკაცი. მათი რიცხვი არ არის დიდი. საქმე შეეხება არა ანაზღაურებას, არამედ თავისუფლების იდეას, ამას ცივილიზებული ხალხი გამიგებს.
რაც შეეხება რუს მებრძოლებს, როცა ადამიანი მიიმაგრებს ბომბს და ააფეთქებს სავაჭრო ცენტრს, მას ტერორისტს უწოდებენ. მაგრამ როცა მთელი ქვეყანა ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, მათ რატომ არ ვუწოდებთ ტერორისტებს?
რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო. ის მშვიდობიან ადამიანებს ხოცავს შუაგულ ევროპაში და ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს საკმარისი გამბედაობა, რომ ეს განვაცხადოთ" - ამბობს მამუკა მამულაშვილი.
,,ქართული ლეგიონის" წევრები აღნიშნავენ, რომ ადამიანის მოკვლა ძნელია, თუმცა, "რუსი ტერორისტები ადამიანები არ არიან".
,,ქართული ლეგიონი" ერთ-ერთი უცხოური საბრძოლო დანაყოფია, რომელიც რუსეთთან ომის დაწყებისთანავე უკრაინის დამცველთა რიგებში ჩადგა. ამ დროისთვის შენაერთის მთავარი ამოცანაა, გაანადგუროს რუსული ლოჯისტიკა და სამეთაურო ცენტრები.
,,ქართული ლეგიონის" რიგებში მხოლოდ ქართველები არ იბრძვიან. მათ შემადგენლობაში შედიან ბრიტანელები, ამერიკელები და მსოფლიოს 32 ქვეყნის წარმომადგენელები.