გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე - ევროპარლამენტის რეზოლუცია

08.11.22 19:41
გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე - ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღეს.

რეზოლუციას 47 მომხრე დ 5 წინააღმდეგი ჰყავდა, 2-მა კი თავი შეიკავა.

ევროპარლამენტარებმა ცვლილებების ე.წ კომპრომისულ ვარიანტს დაუჭირეს მხარი, რომელიც მოიცავს ჩანაწერებს მედიამფლობელებზე, დეოლიგარქიზაციასა და მიხეილ სააკაშვილზე.

ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს,რომ ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაშია და ამბობს, რომ "მთავარი არხის დამფუძნებლის საქმე უნდა გადაიხედოს.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელები საქართველოში ხშირად პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდებიან და ნახსენებია, როგორც ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი, ასევე ტვ პირველის დამფუძნებელი და დირექტორი, ავთანდილ წერეთელი და ვატო წერეთელი.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების მუშაკების, მფლობელების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტი იხსენიებს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიასაშუალებების, ფორმულასა და ტვ პირველის დირექტორთა და მფლობელთა საქმეებსაც. ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას, რომ სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს ძალაში დატოვა ნიკა გვარამიასთვის საეჭვო ბრალდებების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი. ", - აღნიშნულია შესწორების დოკუმენტში.