ვიდგებით უკრაინის გვერდით, სანამ საჭირო იქნება - იანს სტოლტენბერგი

30.11.22 11:06
ვიდგებით უკრაინის გვერდით, სანამ საჭირო იქნება - იანს სტოლტენბერგი

უკრაინას Patriot -ის თავდაცვითი სისტემები გადაეცემა -  ნატოს მინისტერიალის პირველი დღე ბუქარესტში კონკრეტული შედეგებით დასრულდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუქარესტში  ერთ გზავნილით ჩავიდა, გენერალურ მდივანთან ერთობლივი ბრიფინგის დროს კულებამ თქვა, რომ უკრაინას  ნატომ თავდაცვისთვის შეიარაღება რაც შეიძლება, მცირე დროში უნდა გადასცეს.

დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რუსეთის დამარცხება, მაგრამ დასავლეთში იარაღის წარმოების ახალი ხაზების დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება უნდა დაჩქარდეს! იარაღი გვჭირდება უფრო სწრაფად, სწრაფად და სწრაფად- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა, იანს სტოლტენბერგმა, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატო ოფიციალური კიევის მხარდაჭერას იქმადე განაგრძობს, სანამ ეს საჭირო იქნება.

ნატოს მოკავშირეები და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას. ვიდგებით უკრაინის გვერდით, მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ არ დავიხევთ უკან. უაღრესად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა პუტინმა ვერ მიაღწიოს გამარჯვებას უკრაინაში. ეს არამხოლოდ ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, ეს ასევე უფრო სახიფათოსა და დაუცველს გახდის მთელ მსოფლიოს. ამიტომ უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერება ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოების ინტერესებში შედის - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.