გერმანია კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ საბრძოლველად ინდოეთს 50 მილიონი ევროთი დაეხმარება

გერმანია ინდოეთს 50 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის - ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა, განაცხადა. მისი ინფორმაციით, ინდოეთი პანდემიის განვითარების საშინელ ვარიანტს დაეჯახა.
როგორც Deutsche Welle იუწყება, პირველ ეტაპზე გერმანია ინდოეთს ხელოვნური სუნთქვის 120 აპარატს გადასცემს, გარდა ამისა, იგეგმება ჟანგბადის მოწყობილობის გაგზავნაც, რომლის ფუნქციონირებას და გამართულ მუშაობას 16 გერმანელი სპეციალისტი უზრუნველჰყოფს. დახმარება ინდოეთის ,,წითელ ჯვარს" გაეგზავნება.
ინდოეთის დახმარების მზადყოფნა ამერიკამ, ინგლისმა და რუსეთმაც გამოხატეს. მათ შორის, აშშ ინდოეთისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გეგმავს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით 150 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, აქედან 3,1 მილიონი გარდაიცვალა, 127 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.