მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მოგვაწვდინეთ ხმა - თურქეთში საქართველოს საკონსულო

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, მიაწოდონ ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მიწისძვრას თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ყველა ადამიანი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საკონსულო აცხადებს.
ამ წუთისთვის სადღაც 1700-მდეა გარდაცვლილი, ხოლო დაზიანებული სადღაც 9 ათასამდე ადის. დანგრეულია 4 ათასი სახლი.
სამწუხაროდ, ჩვენი 2 მოქალაქეა გარდაცვლილი.
ჩვენს მოქალაქეებთან შეძლებისდაგვარად კავშირი გვაქვს. ყველა დაკარგული, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, ვიპოვეთ პრაქტიკულად. მათ შორის, ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ.
იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მათ მოვუწოდებ, რამენაირად მოგავწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან და პანიკის გარეშე იმოქმედონ, რადგან ვითარება არის ძალიან მძიმე - აცხადებს თურქეთში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი.
თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 4372-მდე გაიზარდა. რეკორდულია დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობაც. სამაშველო ოპერაცია სტიქიის ეპიცენტრში ახლაც გრძელდება, თუმცა მაშველებს მუშაობა უამინდობის გამო უჭირთ.
დაზარალებულ თურქეთსა და სირიას სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან. სტიქიის ეპიცენტრში მაშველები და ტექნიკა გაგზავნა საქართველომაც.