რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა კარცერში მოათავსეს
კარა მურზა კარცერში მოათავსეს. რუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორ „ვოდნიკშია“ პატიმრობაში, მკაცრი რეჟიმის საკანში გადაიყვანეს.
კარა-მურზას ადვოკატი იტყობინება, რომ სადისციპლინო ზომების მიზეზი გახდა ის, რომ დილით ადგომის გამოცხადების შემდეგ ეჭვმიტანილი საწოლზე იწვა.
ვლადიმირ კარა-მურზა რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანა. თავიდან პოლიტიკოსს „რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების ბრალდება წაუყენეს. უკვე დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით.
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის ძალების შეჭრის შემდეგ, კარა-მურზამ ოპოზიციონერებთან და საზოგადო მოღვაწეებთან რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი ჩამოაყალიბა. კომიტეტის წევრები მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებდნენ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედრო დამნაშავეებად გამოეცხადებინათ.