ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის წლისთავზე, 24 თებერვალს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა.
ბრიუსელიდან დიპლომატებმა აცნობეს dpa-ს, რომ ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის გარშემო, რომელიც ვაჭრობის შეზღუდვას გულისხმობს.
სანქციები შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის ომს, ავრცელებენ პროპაგანდას ან რუსეთს აწვდიან დრონებს, რომელსაც ის შემდგომ უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს.
"ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად დააწესეს ყველაზე ძლიერი და სერიოზული შედეგების მომტანი სანქციები, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმარონ. ევროკავშირი ერთიანია უკრაინასა და უკრაინელ ხალხთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება", - ნათქვამია ევროკავშირში შვედეთის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
24 თებერვალს შეთანხმებული სანქციები ძალაში 25-ში შევა, როცა ის ევროკავშირის სამსახურებრივ ორგანოში გამოქვეყნდება.