ვითარება ძალიან მწვავეა - ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აღმოსავლეთით ვითარება ძალიან მწვავეა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რუსეთმა დაკარგოს უნარი, გვერდი აუაროს სანქციებს.
ომში მყოფ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთის სანქციებით დასუსტება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნიშნავს.
ამ დროისთვის ჩვენი ტერიტორიის 170 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი აუფეთქებელი საბრძოლო მასალით არის დანაღმული. ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ფერმერების დამუშავებული მიწებია. ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევზღუდოთ ტერორისტი სახელმწიფოს უნარი, გვერდი აუაროს არსებულ სანქციებს, არამედ ასევე დავაწესოთ ახალი შეზღუდვები, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება.
აღმოსავლეთით ვითარება ძალიან მწვავეა – ძალიან მტკივნეულია. მტრის სამხედრო ძალა უნდა განადგურდეს და ჩვენ მას გავანადგურებთ. რაც ნაკლები იქნება სანქციებთან ადაპტირების რუსეთის უნარი, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უკრაინისთვის მშვიდობის დაბრუნებას, - განაცხადა ზელენსკიმ.