ეს მხოლოდ დასაწყისია - ბორელი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

18.03.23 12:56
 ეს მხოლოდ დასაწყისია - ბორელი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

პუტინის დაკავების ორდერის გაცემა დღეს მსოფლიო მედიის მთავარი ამბავია. გამოხმურებები ფაქტობრივად არ წყდება. მედიის გარდა, ომის დამნაშავედ რუსი დიქტატორის გამოცხადებას ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

ჯოზეფ ბორელი იტყობინება, რომ დანაშაულებისთვის და სისასტიკისთვის, რომლებიც პუტინის რეჟიმის წარმომადგენლებმა უკრაინაში ჩაიდინეს, პასუხს სხვებიც აგებენ. 

„ეს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უკრაინის ხალხისთვის. ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ უკანონო, უსაფუძვლო და არაპროვოცირებული ომის დაწყებისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ეს რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია იმ დანაშაულებისთვის და სისასტიკისთვის, რომლებიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.