ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე სიგნალია რუსეთის ელიტისთვის და დასავლელი ლიდერებისთვის - კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე რუსულ ელიტას და დასავლელ ლიდერებს მკაფიო სიგნალს უგზავნის.
"ICC-ის ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე სიგნალია: რუსეთის ელიტისთვის - 0 შანსი აქვთ დაუბრუნდნენ საერთაშორისო საზოგადოებას და გლობალურ ბაზრებს; დასავლელი ლიდერებისთვის - ერთადერთი შესაძლო მოლაპარაკება ეჭვმიტანილთან ICC-თვის მისი გადაცემა შეიძლება იყოს", - წერს ევროპარლამენტარი.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.