ახლა მთავარია, რომის სტატუტის წევრებმა პუტინი დააკავონ - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამისთვის უკრაინამ საკმაოდ რთული გზა გაიარა.
კულება ამბობს, რომ ახლა მთავარია, იმ ქვეყნებმა, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან, პუტინი დააკავონ, თუ ის მათ ტერიტორიაზე შევა.
ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, რომლის მისაღწევადაც საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. თავიდან არავის სურდა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საკითხი სერიოზულად განეხილათ, ძალიან რთული პროცესი გავიარეთ ამის დასამტკიცებლად. პრეზიდენტი ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღებას უთმობდა. იყენებდა ყველა პლატფორმას და ყველგან დეპორტირებულ ბავშვებზე საუბრობდა. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მიერ ორდერის გაცემა მნიშვნელოვანი სიგნალია. ჩვენ ეს შევძელით, იურიდიულ კონტექსტში ყველამ ყველაფერი ნათლად დაინახა. ახლა მთავარია, იმ ქვეყნებმა, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან, პუტინი დააკავონ, თუ ის მათ ტერიტორიაზე შევა. პუტინის საქმის კვალიფიკაცია ომის დანაშაულს და ბავშვების მოპარვას უკავშირდება. ეს არის გენოციდის ერთ-ერთი ფორმა. მსოფლიომ და რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანამ გაიგო რომ პუტინთან საქმის დაჭერა არ შეიძლება", - ამბობს კულება.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.