საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ორდერმა პუტინი, როგორც დიდი პოლიტიკური მოთამაშე, გაანულა- პოდოლიაკი

18.03.23 16:05
საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ორდერმა პუტინი, როგორც დიდი პოლიტიკური მოთამაშე, გაანულა- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნად შეცვალა.

პოდოლიაკის თქმით, ეს გადაწყვეტილება პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრულია.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ორდერმა პუტინი როგორც დიდი პოლიტიკური მოთამაშე გაანულა.

მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული და მკაფიოა. რუსები თავს იმართლებენ, რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს იურისდიქცია რუსეთში არ ვრცელდება, ეს ყველამ კარგად ვიცით - რუსულ სასამართლოებშიც არანაირი იურისდიქცია არ ვრცელდება. ეს ორდერი მნიშვნელოვანია, იმ ქვეყნებს, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან, ვალდებულება აქვთ პუტინი დააკავონ თუ ის მათი ქვეყნის ტერიტორიაზე შევა.

ეს არის პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრული. ეს ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი რუსული პოლიტიკური ელიტისთვის - ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ევროპის პოლიტიკურ არენაზე ინტეგრაციას უნდა დაემშვიდობონ. ისინი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვერ წავლენ. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ორდერმა პუტინი როგორც დიდი პოლიტიკური მოთამაშე გაანულა", - ამბობს პოდოლიაკი.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.