ანტალიაში ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

ანტალიაში ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდი "გია გალსკი" დააკავეს. Прайм Крайм-ის ცნობით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ანტალიაში, ყოფილი მეგობრის, იულია ვოლკოვას, ბინაში ჩაიკეტა, მოაწყო ბარიკადები და არ აძლევდა საშუალებას ბინის მფლობელს, ის გამოესახლებინათ.
სააგენტოს ინფორმაციით, გია გალსკი თავის მეგობარს, დუეტ ,,ტატუს" ექს-სოლისტ იულია ვოლკოვას ცოტა ხნის წინ დაშორდა, მაგრამ ბინის დატოვებას არ გეგმავდა. ვოლკოვამ დასახმარებლად ანტალიაში მყოფ ჩეჩნებს მიმართა, მაგრამ როცა არაფერი გამოუვიდა, პოლიციაში დარეკა და თურქი სამართალდამცველების დახმარებით მოახერხა ბინაში შეღწევა. გია გალსკი ამჟამად ანტალიის პოლიციაში იმყოფება, მას ექსდრადაცია ემუქრება.
როგორც Прайм Крайм წერს, ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს პრობლემები არა მარტო ჩეჩნებთან, არამედ ჯანგველაძის ქართულ დაჯგუფებასთანაც აქვს. უთანხმოება ზარანდიასა და ჯანგველაძეს შორის ზუგდიდისა და გალის საზღვარზე საზღვაო პორტის მშენებლობას უკავშირდება.
გია გალსკი აფხაზეთშია დაბადებული. კანონიერი ქურდის სტატუსი მას 2011 წელს მიანიჭეს.