ვიზიტს აღვიქვამთ როგორც ნიშანს - რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და სტოლტენბერგმა
"ვიზიტს აღვიქვამთ, როგორც ნიშანს, რომ ალიანსი მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობაში"- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ წერს.
"მივესალმები ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს კიევში. ეს იენს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტია სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ - ჩვენ ამ ვიზიტს აღვიქვამთ, როგორც ნიშანს, რომ ალიანსი მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობაში - ამბიციური გადაწყვეტილებების თავი.",- წერს ზელენსკი.
ცნობილია, რომ კიევში ჩასულმა სტოლტენბერგთან უკრაინის პრეზიდენტმა ოთხი ძირითადი საკითხი განიხილა:
პირველი -რამშტეინის შეხვედრა, რომელიც ხვალ გაიმართება და გადაწყვეტილებები, რომლებსაც პარტნიორებისგან ველით. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჩვენი აქტიური მოქმედებების შეიარაღებულ მხარდაჭერას.
მეორე - მე მივმართე ბატონ გენერალურ მდივანს თხოვნით, დაგვეხმაროს, დავძლიოთ ჩვენი პარტნიორების თავშეკავება ზოგიერთი იარაღის მიწოდებაში, კერძოდ, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, თანამედროვე თვითმფრინავების, არტილერიისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებაში.
მესამე - საკითხია ვილნიუსის ნატოს სამიტი, რომელიც შეიძლება ისტორიული გახდეს. მადლობელი ვარ სამიტზე მიწვევისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამაც მიიღოს შესაბამისი მოწვევა.
მეოთხე - უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, უკრაინელებისთვის ნატოსკენ მიმავალ გზაზე",- დაწერა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.
მან მოლაპარაკებების დაწყებისთვის "ნატოს" გენმდივანს მადლობა გადაუხადა
"ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მშვიდობის დამყარებას უკრაინაში, მთელ ევროპასა და მსოფლიოში"- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.