ქოლცენტრების თაღლითური სქემა, დაკავებულია 24 საქართველოს მოქალაქე - სპეცოპერაცია ყაზახეთში

მასშტაბური სპეცოპერაცია ყაზახეთის დედაქალაქში. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე 24 საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, ზარალი რამდენიმე მილიონია. თაღლითური დაჯგუფების წევრების დასაკავებლად რამდენიმე ქალაქში სპეცოპერაცია ერთდროულად ჩატარდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ერთ-ერთი ქართველი დააკავეს ასტანაში. გამოძიების ინფორმაციით, მან შექმნა ინსტაგრამის გვერდი, სადაც მომხმარებლებს დაბალ ფასად, ბეწვის ქურქებს სთავაზობდა.
„ამ პირებმა ფარმაცევტული კომპანია „Health Time“-ის კლიენტთა ბაზა მოიპარეს, მის კლიენტებს დაურეკეს და აცნობეს მანქანის მოგების შესახებ. მოქალაქეებს გადასახადების გადახდა შესთავაზეს, რომელიც ფსონების კომპანია „1Xbet“-ის ანგარიშებზე გადაირიცხა. იდენტიფიცირებულია 20 მსხვერპლი, მიმდინარეობს მუშაობა თაღლითების სხვა მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის“, - განაცხადა ონლაინ ბრიფინგზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟანდოს სუინბაიმ.