რაღაც ხდება რუსეთში, თუმცა კრემლის თავზე უკრაინის დრონების გარეშე- პოდოლიაკი

"რაღაც ხდება რუსეთის ფედერაციაში, თუმცა კრემლის თავზე უკრაინის დრონების გარეშე" - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის მიმართ ბრალდებებს უარყოფს და ვარაუდობს, რომკრემლზე, სავარაუდო, დრონებით თავდასხმა რუსეთის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს.
პოდოლიაკი ამბობს, რომ პუტინის კლანის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების კონტროლის დაკარგვა აშკარაა.
"რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე - ეს ყველაფერი პროგნოზირებადია...რუსეთი აშკარად ამზადებს ფართომასშტაბიან ტერორისტულ თავდასხმას, სწორედ ამიტომ მან თავდაპირველად დააკავა სავარაუდო დივერსანტების დიდი ჯგუფი ყირიმში, შემდეგ კი კრემლის თავზე დრონების დემონსტრირებას ახდენს. პირველ რიგში, უკრაინა აწარმოებს ექსკლუზიურად თავდაცვით ომს და არ ესხმის თავს ობიექტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რისთვის? ეს არ წყვეტს სამხედრო პრობლემას, მაგრამ ეს რუსეთის ფედერაციას საფუძველს აძლევს გაამართლოს თავისი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე...
მეორეც, ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა კუთხეში მომხდარი ინციდენტებისა და ექსცესების ზრდას. უცნობი დრონების გამოჩენა ენერგეტიკულ ობიექტებზე ან კრემლის ტერიტორიაზე მხოლოდ ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალების პარტიზანულ ქმედებებზე მიუთითებს. მოგეხსენებათ, დრონების შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ სამხედრო მაღაზიაში. პუტინის კლანის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების კონტროლის დაკარგვა აშკარაა. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთი მუდმივად საუბრობდა ჰაერზე ტოტალურ კონტროლზე. მოკლედ, რაღაც ხდება რუსეთის ფედერაციაში, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კრემლის თავზე უკრაინის დრონების გარეშე", - წერს პოდოლიაკი.
პუტინის პრესსამსახური ამტკიცებს, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინის მკვლელობას შეეცადა. კრემლში ირწმუნებიან, რომ ოთხშაბათს, ოფიციალურმა კიევმა ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიში მიიტანა.