"მათ აქვთ ყველაფერი, რაც წარმატებისთვის არის საჭირო" - აშშ უკრაინას 1 ლმრდ-ის დახმარებას გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის დახმარებას გადასცემს. დახმარების ახალი პაკეტი ომში მყოფი ქვეყნისთვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და საბრძოლო მასალის მომარაგებისთვის არის განკუთვნილი.
განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. ბლინკენმა ბრიფინგზე თქვა ისიც, რომ უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
მათ ადგილზე აქვთ, რაც სჭირდებათ იმისთვის, რომ წარმატებით გააგრძელონ იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელიც რუსეთმა ბოლო 14 თვის განმავლობაში ძალით მიიტაცა. არ იგულისხმება მხოლოდ იარაღი, მათ გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგიც, ასევე, უკრაინელებს შეუძლიათ შეინარჩუნონ სისტემები, რომლითაც ჩვენ მათ უზრუნველვყოფთ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ სწორი გეგმები, რომ მიაღწიონ წარმატებას, - თქვა ბლინკენმა.