მოლდოვამ შესაძლოა, დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დატოვოს
მოლდოვამ შესაძლოა ,დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დატოვოს - განცხადება მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუსმა გაააკეთა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი პრეზიდენტთან, მაია სანდუსთანაც განიხილა და სამომავლოდ სამართლებრივი პროცედურის დაწყება იგეგმება.
"მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა დაიწყო, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობას ვეღარ ვუწოდებთ. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის დსთ-დან გასვლის პირველი ნაბიჯი, რომლისგანაც მოლდოვა უკრაინის მიერ კავშირის დატოვების შემდეგ გეოგრაფიულად განცალკევებულია... მოლდოვა სუვერენული ქვეყანაა და დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დემოკრატია და თავისუფლება გვინდა... დსთ არის ორგანიზაცია, რომელიც რუსეთმა სსრკ-ს ნანგრევებზე დააფუძნა, რათა პოსტ საბჭოთა ქვეყნებზე კონტროლი შეენარჩუნებინა. ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან აგრესორ სახელმწიფოსთან ერთად ვეღარ დავრჩებით ". - აღნიშნა იგორ გროსუმ.