წინ კიდევ უფრო უარესი იქნება - ბუდანოვი რუს ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდებს

23.05.23 15:50
წინ კიდევ უფრო უარესი იქნება - ბუდანოვი რუს ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდებს

უკრაინა ამტკიცებს, რომ ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებში ჩართული არ არის, თუმცა, ამავდროულად, რუს ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი მათ აფრთხილებს, რომ წინ კიდევ უფრო უარესი პროცესები ელოდებათ.

"უკვე ერთი წელია კრემლი ვერცერთ მიზანს ვერ აღწევს. მივმართავ რუს სამხედროებს - მათ, ვინც მოახერხა გადარჩენა და სანგრებშია, კიდევ უფრო უარესი იქნება. თქვენ გაქვთ არჩევანი - მოკვდეთ ან გადაირჩინოთ სიცოცხლე.  ჩვენმა სპეცრაზმმა უკვე გადაიყვანა ასობით ჯარისკაცი . ახლა ისინი უსაფრთხოდ არიან. ისინი ცხოვრობენ ნორმალურ პირობებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ, დღეში სამჯერადი კვებით.  მათ აქვთ არჩევანი - დაბრუნდნენ რუსეთში თუ არა. მათ, ვინც გაივლის „მე მინდა ვიცხოვრო“ პროგრამას, ეძლევათ შესაძლებლობა, მიმართონ თავშესაფარს უკრაინაში ან სხვა ქვეყნებში.  
თქვენ შეგიძლიათ ომის დასრულება ახლავე. თქვენ არ გჭირდებათ ლოდინი, რომ მოკვდეთ ან დაიჭრათ ბრძოლაში. დაუკავშირდით პროექტს და ჩვენ დაგეხმარებით მოახლოებული ხორცსაკეპი მანქანიდან გამოყვანაში“ - აცხადებს ბუდანოვი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები შეიჭრნენ. მათივე ინფორმაციით, ბელგოროდში FSB-სა და შსს-ს შენობებსაც დაარტყეს.

ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში ჯერ არ დაბრუნდნენ.

 

მსგავსი სიახლეები