უკრაინაში შეჭრა პუტინის დიდი სტრატეგიული კრახია - ბლინკენი

02.06.23 16:28
უკრაინაში შეჭრა პუტინის დიდი სტრატეგიული კრახია - ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას პუტინის დიდი სტრატეგიული კრახი უწოდა, როგორც ენტონი ბლინკენმა განაცხადა, პუტინის გადაწყვეტილებას მოსკოვის იზოლაცია, ერთ დროს ცნობილი, როგორც უძლეველი არმიის მითის მსხვრევა და ეკონომიკური შესუსტება მოჰყვა. 

მისი თქმით, ომის დასრულების მიზნით, უკრაინის მიმართ ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიების დათმობის მოწოდებები მხოლოდ და მხოლოდ პუტინის წამოწყებული აგრესიის ლეგიტიმაციას ემსახურება და სამომავლოდ მსგავსი ტიპის თავდასხმების წახალისებას უწყობს ხელს. 

ბლინკენმა პირდაპირ თქვა, რომ აშშ მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს მოლაპარაკებების შესაძლებლობას, თუ რუსეთი რეალურ მშვიდობაზე დაფიქრდება და ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით დაიწყებს. 

"ცეცხლის შეწყვეტა, რაც არსებული საზღვრების ჩარჩოებში კონფლიქტის გაყინვას ნიშნავს, პუტინისთვის დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის გაძლიერებას შესაძლებელს გახდის. ეს არის შესვენების შანსი, რათა თავიდან დაიწყოს თავდასხმა. ასე სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ვერ მიიღწევა. ეს რუსეთის მხრიდან მიწების მიტაცების ლეგიტიმაციას ემსახურება. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს აგრესორს და სჯის მსხვერპლს".  - აღნიშნა ბლინკენმა.