რუსეთის მიერ კაშხალის განადგურება, ბოლო ათწლეულებში, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში - კულება

06.06.23 10:44
რუსეთის მიერ კაშხალის განადგურება, ბოლო ათწლეულებში, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში - კულება

რუსეთის მიერ კაშხალის განადგურება, ბოლო ათწლეულებში, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა ომის კიდევ ერთი საშინელი დანაშაული ჩაიდინეს.

„რუსეთმა კახოვკსკას კაშხალი გაანადგურა, რამაც გამოიწვია ევროპაში ალბათ ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ათასობით მშვიდობიანი მოსახლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის ომის საზარელი დანაშაული. რუსეთის, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი გაძევება უკრაინიდან“, - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“.

უკრაინაში განგაშია - ხერსონის ოლქი დატბორვის საფრთხის წინაშეა. მოვლენების ეპიცენტრი ქალაქის კახოვკაა, სადაც რუსულმა არმიამ ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური ააფეთქა.

სარაკეტო  იერიშის დროს სადგურის კაშხალი დაზიანდა, რამაც დატბოვის დიდი საფრთხე გააჩინა. სახიფათო ტერიტორიებიდან და ქალაქებიდან  ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დილიდან  დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, წყალი კრიტიკულ დონეს დაახლოებით 5 საათში მიაღწევს.