გადაწყვეტილება მიღებულია - ევროპარლამენტი ნატო-ს მოუწოდებს, უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს
უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი - უმნიშვნელოვანესი გზავნილი ევროპარლამენტიდან.
რამდენიმე წუთის წინ, ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც ნატო-ს მოუწოდებს, უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს.
რეზოლუცია მოუწოდებს NATO-ს, ომის დასრულების შემდეგ დაიწყოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მიღების პროცესი და ეს სწრაფად განახორციელოს.
რეზოლუციას ხმა 425-მა დეპუტატმა დაუჭირა, 38 წინააღმდეგი იყო, 52-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
ევროპარლამენტარებმა დაგმეს რუსეთის კახოვკას ჰეს-ის განადგურება და აღნიშნეს, რომ ამ ომის დანაშაულმა ბუნებრივი კატასტროფა გამოიწვია.
რეზოლუციის მიხედვით, ვიდრე უკრაინა ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდება, EU-მ და მისმა წევრმა ქვეყნებმა NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, უნდა იმუშაონ უკრაინასთან, რათა შეიმუშაონ დროებითი ჩარჩო უსაფრთხოების გარანტიებისთვის, რომელიც ომის დასრულებისთანავე დაინერგება.