"უკრაინისთვის გვექნება პოზიტიური მესიჯი... NATO-ს კარი არის ღია" - სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ვილნიუსის სამიტზე იქნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინის მიმართ. ამის შესახებ მან ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ლიეტუვაში ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სამიტის დროს გვექნება ერთიანობა და ძლიერი მესიჯი უკრაინისთვის. მე წარმოვადგინე პაკეტი ოსლოში გამართულ საგარეო საქმეთა არაფორმალურ მინისტერიალზე. ის შედგება სამი ელემენტისგან. ერთი არის ის, რომ უნდა გვქონდეს პროგრამა პრაქტიკული დახმარების შესახებ, რათა უზრუნველვყოთ ურთიერთქმედება უკრაინულ ძალებსა და NATO-ს ძალებს შორის, რაც უკრაინას ალიანსთან დააახლოვებს. მეორე ელემენტი არის NATO - უკრაინის საბჭოს ჩამოყალიბება კონსულტაციებისა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღებად. და მესამე, ეს არის წევრობის სამოქმედო გეგმის აუცილებლობის გაუქმება უკრაინისთვის, რაც გაწევრიანების 2-ნაბიჯიან პროცესს ერთნაბიჯიანად აქცევს.
ახლა ჩვენ სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ. დეტალებზე ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ უკრაინისთვის გვექნება კარგი და პოზიტიური მესიჯი, როდესაც ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამიტზე ძლიერი და პოზიტიური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. NATO-ს კარი არის ღია, რაც მტკიცდება შვედეთისა და ფინეთის ალიანსში მიღებით. და კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო მკაფიოდ, რომ მხოლოდ ალიანსისა და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის გახდება უკრაინა NATO-ს წევრი. ახლა ყველაზე მთავარია, რომ უკრაინა გადარჩეს, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რადგან თუ ასე არ მოხდა, მისი წევრობა ყველანაირ აზრს კარგავს. ამიტომ, ახლა საჭიროა, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველა საჭირო იარაღი, რათა მან გაათავისუფლოს ტერიტორიები და შეაკავოს რუსეთის აგრესია," - ამბობს სტოლტენბერგი.