პროტესტი დასავლეთს - ბელორუსიამ მინსკში ევროპელი ვარსკვლავების საფეხბურთო მატჩი გააუქმა

გაურკვეველი დროით გადაიდო - აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ბელორუსიის ფეხბურთის ფედერაციამ და მიზეზის დასახელების გარეშე გადადო მატჩი, რომელიც ევროპელი ვარსკვლავების მონაწილეობით უნდა გამართულიყო. თუმცა, ევროპელმა სპორტსმენებმა მასში მონაწილეობაზე უარი გაცილებით ადრე განაცხადეს.
ფეხბურთის მატჩი, რომელიც 5 ივნისს უნდა გამართულიყო, ბელორუსიის ფეხბურთის 110 წლისთავს ეძღვნებოდა. მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ევროპელ ვარსკვლავებს: ლიეტუველ ედგარას იანკაუსკასს, გერმანელ კევინ კურანს, ხორვატ ზვონიმირ სოლდოს, ჩეხ ტომას როსიცკის, პორტუგალიელი პედრუ მენდეშს და სხვებს. ამათგან ლიეტუველმა და ჩეხმა სპორტსმენებმა მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ევროპის სპორტულმა სამყარომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს მმართველობას პროტესტი გამოუცხადა. 2021 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მინსკში უნდა ჩატარებულიყო, ჰოკეის ფედერაციამ უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით რიგაში გამართა. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა.
ჰოკეისტებს სპორტის სხვა სახეობამაც მიბაძა და 2022 წელს გასამართი ბეატლონში მსოფლიო ჩემპიონატის მერვე ტური მინსკში აღარ ჩატარდება.
ბელორუსიაში ამ დრომდე მიმდინარეობს საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ლუკაშენკოს მმართველობის საწინააღმდეგოდ. 2020 წლიდან დღემდე 30 ათასი ადამიანია დაპატიმრებული, მათ შორის, ათობით ჟურნალისტია.
ევროკავშირმა და ამერიკამ ლუკაშენკოს წინააღმდეგ ფინანსური და სხვა სახის სანქციები დააწესა. ეს სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა ბელურუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის, დაკავების გამო.