დრონებით თავდასხმა ოკუპირებული ყირიმის აეროდრომსა და ნავთობსაცავზე
დრონებით თავდასხმა ოკუპირებული ყირიმის აეროდრომსა და ნავთობსაცავზე - ადგილზე გამოცხადებულია ევაკუაცია
რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო თვითმფრინავები თავს დაესხნენ რუსეთის სამხედრო ობიექტებს. თავდასხმის სავარაუდო სამიზნე იყო სამხედრო აეროდრომი კრასნოგვარდეისკის რეგიონში.
აქსიონოვის განცხადებით, უკრაინის ჯარმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, „ყირიმის რესპუბლიკის“ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასევე იწვის ნავთობის ბაზაც.
„შეტევა კრასნოგვარდეისკის რაიონის ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. შესაძლო შედეგების ლიკვიდირებისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა აქსიონოვმა.
უკრაინის სამხედროებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ყირიმზე დრონების თავდასხმის შესახებ.